Sunday, March 22, 2015




                                                                   კრისტოფორო დე კასტელის ავტოპორტრეტი

დონ კრისტოფორო დე კასტელი — იტალიელი მისიონერი, პატრი, თეატინელთა ორდენის წევრი. მოღვაწეობდაXVII საუკუნის პირველ ნახევარსა და შუა წლებში. საქართველოში 1628 წელს ჩამოვიდა პატრ ანტონიო ჯარდინასა და ბერ კლაუდიოსთან ერთად. მისიონერები მივიდნენ ქალაქ გორში თეიმურაზ პირველთან, ხოლო 1634 წელს შემოქმედელი ეპისკოპოსის მაქსიმე მაჭუტაძის მიწვევით გურიაში გადავიდნენ. 1640 წელს ვახტანგ II გურიელმაისინი განდევნა. იტალიელი მისიონერები ოდიშში ჩავიდნენ. კრისტოფორო კასტელი 1652 წელსაც საქართველოშია, შემდეგ კი იტალიაში ბრუნდება. ამ პერიოდში მან მრავალი საინტერესო ჩანახატი გააკეთა, რომელიც ორ ალბომში იყო შესრულებული. ერთი ალბომი კრისტოფოროს იტალიაში დაბრუნებისას განადგურდა, მეორე კი დაცულია ქალაქ პალერმოს კომუნალურ ბიბლიოთეკაში და 500-ზე მეტ ჩანახატს შეიცავს. ამ ჩანახატების ნაწილი გამოაქვეყნა მიხეილ თამარაშვილმა, მანვე ჩამოიტანა საქართველოში ჩანახატების ნაწილის ფოტოფირები. 1977 წელს კასტელის ალბომი წინასიტყვაობითა და შენიშვნებით გამოსცა ბ. გიორგაძემ. კასტელის რელაცია, ჩანახატები და მათზე მინაწერები ძვირფას ცნობებს იძლევა XVII საუკუნის საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიისათვის.